საგზალი სულხან–საბას
განმარტებით, ,,გზათ მავალთ საზრდოა“, ანუ
ის გამოზომილი სასმელ–საჭმელი რომელიც თან მიჰქონდა მგზავრს, რათა წაეხემსა.
ვისმენ ლევან სუმბაძეს
მოგონებებს და ვფიქრობ, რომ ის იმ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნება, ვისაც ცხოვრების საგზალი
არ შემოჰკლებია. ლევანის მშობლები დედა – თამარ სუმბაძე და მამა – ნიკო სუმბაძე ალავერდის
მონასტრის მცველები იყვნენ. მათი პატარა სახლი ტაძართან ახლოს იდგა. 1941 წელს, როდესაც
ნიკო სუმბაძე ომში წავიდა თამარმა ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად ტაძარში დაიდო ბინა.
ნიკო სუმბაძემ
5 წელი ომში ფრონტზე გაატარა, 10 წელი კი პოლიტპატიმარი იყო. ერთხელაც სოფელში ხმა
დაირხა, ნიკო ჩამოდისო. ლევანიც მამასთან შესახვედრად გზაზე გამოვიდა. ის მიხვდა, რომ
კაცი რომელსაც ხელში ტომარა ეჭირა და არცთუ ისე კარგად გამოიყურებოდა მამამისი იყო.
ხალხით გარშემორტყმულ ნიკოს ლევანი მიუახლოვდა და ტომრის ჩამორთმევა დააპირა. მამამ
რა თქმა უნდა, ვერ იცნო შვილი და ბიჭს უთხრა: ,,ვისი ხარ შე მამაძაღლო, ეს ტომარა ამხელა
გზაზე იმიტომ კი არ ვათრიე, რომ შენ წამგლიჯო, სახლში შვილებს რაღა მივუტანო?!”
მე არ ვიცი, ამ
ტომარაში რა იყო, იქნებ ეს იყო ლევანის ცხოვრების საგზალი, საგზალი რომელიც მის ყრმობას
ალამაზებდა, ახალგაზრდობას ცხოვრების აზრს აძლევდა, საინტერესოს ხდიდა და დღესაც კვებავს
მის სულს.
ჩვენი მთხრობელი
ღიმილით დასცქერის თავის სურათს და ამბობს:–დიდი წამები საკუთარი არსების გადარჩენაში
მეხმარებოდა, ლამაზი ცხოვრება ჩემთვის ყველაფერი იყო.
ჯერ კიდევ პატარა
ვიყავი, როცა 1947 წ ზაფხულში მაშინდელი საქართველოს კათალიკოს–პატრიარქი კალისტრატე
ცინცაძე ჩამოვიდა ალავერდის მონასტერში ავტომობილით ,,თოლია,, რომლითც დაასაჩუქრა იოსებ
სტალინმა რადგან 1941–45 წწ ომში საქართველოს საპატრიარქომ კალისტრატე ცინცაძის მეთაურობით
დიდი დახმარება გაუწია საბჭოთა არმიას. ამასთანავე როგორც ვიცით სტალინი და კალისტრატე
ცინცაძე ერთდ სწავლობდნენ სასულიერო სემინარიაში. პატრიარქმა და მისმა მხლებელმა პირებმა
ყურადღებით დაათვალიერეს ალავერდის ეკლესია და მონასტრის კომპლექსში შემავალი სხვა
შენობა–ნაგებობები. მე მანამდე არ მენახა ასეთი რანგის სამღვდელოების პირი და დათვალიერების
დროს გვერდიდან არ ვშორდებოდი. როდესაც ჯგუფი ბერების სამყოფლის დათვალიერების შემდეგ
ქვის კიბეზე ჩამომოდიოდა პატრიარქმა დამიძახა. როდესაც მივედი დაიხარა, კიბის ქვებს
შორის ამოსული ბალახი ფესვებიანად მოგლიჯა და მითხრა:
– ასე
უნდა გაასუფთავო მონასტრის ყველა ნაწილი ბალახისაგან რომ ბალახმა შენობა არ დააზიანოსო.
მე ხმის ამოღება
ვერ გავბედე, რადგან მას ჰქონდა რაღაც განსაკუთრებული, რითიც გამოირჩეოდა იქმყოფთაგან.
არ ვიცი, რაღაც სხვანაირი იყო სხვებს არ ჰგავდა.
კალისტრატე ცინცაძე |
კარგად მახსოვს
1957 წლის ზაფხული იყო. მე და მამაჩემი მონასტრის ეზოში ვისხედით. ამ დროს ეზოში შემოვიდა
კაცი რომელსაც ზურგჩანთა ეკიდა და ხელში მთამსვლელის წერაყინი ეჭირა. შემოვიდა და ჩრდილში
დაჯდა. ცოტა ხნის შემდეგ ავტობუსით მოვიდა თბილისის ვეტერინარი ექიმების ჯქუფი რომლებიც
შემოწმებაზე იყვნენ ახმეტის რაიონში. ერთ–ერთმა ვეტერინარმა თქვა ჩრდილში მჯდომ კაცზე
–
ეს
ლევან გოთუაა.
მთელი ჯგუფი და
ჩვენც მასთნ მივედით. მათ ისაუბრეს მის ნაწარმოებ ,,ერეკლე მეორეზე,, რომელიც იმ დროს
იდგმებოდა მარჯანიშვილის თეატრში. ლევან გოთუამ თქვა რომ მთიანეთიდან ალავერდში ფეხით
გადმოვიდა ასევე ნახა კვეტერას ციხე და აგროვებდა მასალებს თავისი ისტორიული რომანისთვის
,,გმირთა ვარამი,,. შემდეგ მათ ლევან გოთუა მიიპატიჟეს სუფრაზე რომელსაც მათ რაიონის
ხელმნძღვანელობა უწყობდა. ლევან გოთუამ უარი განაცხადა და თქვა:
–
მირჩევნია
ის დრო რომელიც სუფრაზე ყოფნისას უნდა გავატარო მონასტრის შესწავლას დავუთმო.
ვეტერინარები მალე
წავიდნენ და მხოლოდ ჩვენ და ლევან გოთუა დავრჩით. ლევან გოთუამ გვითხრა რომ რადენიმე
დღით დარჩენას აპირებდა მონასტერზე მასალების შესაგროვებლად. ჩვენ სიამოვნებით გავუწიეთ
მასპინძლობა. საღამოს სუფრასთან საუბრისას მამაჩემი და ლევან გოთუა ბევრ თემას შეეხნენ
საბოლოოდ კი ისაუბროს მათთვის ორივესთვის ძალიან მტკივნეულ თემაზე – პოლიტიკურ პატიმრობაზე.
გაიხსენეს მათთან ერთად მყოფი პოლიტიკური პატიმრები. მათ შორის რამდენიმე საერთო ნაცნობიც
იპოვეს. საფრანგეთიდან დაბრუნებული ემიგრანტი ციციშვილი და სხვები.
მეორე დღეს ლევან
გოთუამ ჩანთიდან ამოიღო ძველი წიგნები და რუკები ასევე ვახუშტი ბატონიშვილის გეოგრაფია
და მთხოვა რომ მასალების შეგროვებაში მივხმარებოდი. მე უნდა მივხმარებოდი ალავერდის მონასტრის ტერიტორიაზე არსებული
საფლავის ქვების გასუფთავებაში რათა მას შესძლებოდა მათზე წარწერების ამოკითხვა. იგი
სამი დღის განმავლობაში აგროვებდა მასალებს. მან მაჩუქა თავისი ნაწარმოები ,,მეფე ერეკლე,, თავისივე ავტოგრაფით. სადაც ეწერა: ,,ჩემს მოსახელე ლევანს
ავტორისაგან,,.
წასვლისას დაგვემშვიდობა
და მოგვცა თვისი მისამართი ქალაქ თბილისში: ,, ფრიდრიხ ენგელსის ქუჩა #56 და დაგვპირდა
რომ სექტემბერში ალავერდობაზე აუცილებლად ჩამოვიდოდა. თავისი დაპირება მართლა შეასრულა.
28 სექტემბერს მსუბუქი მანქანა ,,პაბედით,, ჩამოვიდა თან სერგო ზაქარიაძე და თავის
მეგობარი მხატვარი ჩამოიყვანა. მათ მიიღეს მონაწილეობა ალავერდობის
დღესასწაულში. ამის შემდეგ სუფრაზე
მივიპატიჟეთ სადაც კარგი დრო გაატარეს. იმავე საღამოდ წავიდნენ.
ჩვენ თან გავატანეთ ღვინო და სხვადასხვა ხილი:
ვაშლი, ყურძენი, მსხალი და სხვა. როდესაც სერგო ზაქარიაძემ დაინახა რომ ამდენ პროდუქტს ვატანდით ლევან გოთუას ხუმრობით უთხრა:
–
ლევან,
შენ ერთი წიგნი აჩუქე და ამდენ რამეს გვატანენ მე უფრო მეტ წიგნს ვაჩუქებდი ამ ბიჭს.
ამის შემდეგ ჩვენს
ოჯახებს შორის მეგობრული ურთიერთობა ჩამოყალიბდა და ისინი ჩვენი ხშირი სტუმრები გახდნენ.
შემდეგ გავიცანით
მისი დები თამარ და თინა გოთუები. ორივე ექიმები იყვნენ. თამარ გოთუა იყო სამხედრო ექიმი. ის მეორე მსოფლიო ომის დროს
გენერალ ლესელიძის არმიაში მსახურობდა. ამ დროს ლესელიძის მოადგილე პოლიტიკურ დარგში
იყო ლეონიტ ბროჟნევი რომელიც შემდგომში გახდა სსრკ–ს ცენტრალური კომიტეტის პირველი
მდივანი.
მისი მეორე და თინა
გოთუა იყო ქალაქ თბილისის ბავშვთა მეხუთე საავადმყოფოს მთავარი ექიმი. რომლის მეუღლე
იყო ლევან ჩოლოყაშვილი რომელიც წარმოშობით თელავის რაიონ სოფელ ლალისყურიდან იყო.
ლევან გოთუა და
მისი დები მეგობრობდნენ ცნობილ არქიტექტორ ლონგინოზ სუმბაძის ოჯახთან. რომელიც იყო
მრავალი ღირსშესანიშნავი პროექტის ავტორი მათ შორის აღსანიშნავია ,,საქართველოს მუზეუმი
ღია ცის ქვეშ,,. რომელიც მდებარეობს ქალაქ
თბილისში ვაკის გორაზე.
როდესაც ლევან გოთუამ
გამოსცა თავისი რომანი ,,გმირთა ვარამი,, მან ყველა ტომი გვაჩუქა თავისი ავთოგრაფებით.
ლევან გოთუამ არმაზის
მთაზე გააკეთა პატარა გამოოქვაბულები სადაც მუშაობდა თავის ნაწარმოებებზე.
ჩემი სტუდენტობის
პერიოდში რამდენჯერმე ვესტუმრე ლევან გოთუას ამ გამოქვაბულებში.
როდესაც 1973 წლის
30 იანვარს ლევან გოთუა გარდაიცვალა ის დაკრძალეს არმაზის მთაზე, გამოქვაბულების ახლოს.
დაკრძალვას მეც დავესწარი, რათა უკანასკნელი პატივი მიმეგო მარადისობის საიდუმლოს ზიარებული
დიდი მწერლისთვის.
18 წლის ახალგაზრდას წილად მხვდა
ბედნიერება მონაწილეობა მიმეღო და თვალყური მედევნებინა ქართული ფილმის ,,მაია წყნეთელის“
გადაღებისათვის. 1958 წლის ზაფხულში ჩამოვიდა კინოსტუდია ,, ქართული დილმი,, გამოჩენილი ქართველო რეჟისორის რეზო ჩხეიძეის მეთაურობით რათა გადაეღოთ ფილმი ,,მაია წყნეთელი,,. პირველი ორი თვის განმავლობაში გივი გიგაური და კახი ხუციშვილი აკეთებდნენ დეკორაციებს თავად ამილახვრის სასახლისთვის, შემდეგ კი გადაღება დაიწყეს. გადაღებისთვის იპოდრომიდან ჩამოიყვანეს 8 გაწვრთნილი ცხენი და მათი ტრენერი. ერთხელ გადაღებისას როდესაც მაია წყნეთელი ქერიმ აღას მისდევდა ლეილა აბაშიძემ ცხენის აღვირი ვეღარ დაიჭირა და ცხენიდან ჩამოვარდა რადგან ამ სცენას ღია მინდორზე იღებდნენ ცხენმა კი თვი თავისუფლად იგრძნო და ძალიან სწრაფად წავიდა. ლეილა აბაშიძეს უნდოდა რომ ცხენიდან ჩამომხტარიყო. ერთი უზანგიდან ფეხი გამოყო მეორეში კი გაეჭედა ჩამოვარდა და ცხენის ქვეშ დავარდა. ცხენი გაწვრთნილი იყო მაშინვე გაჩერდა და მხოლოდ ერთი ფეხი გაარტყა ლეილას თავში. ლეილა სასწრაფოდ თელავის საავადმყოფოში წაიყვანეს დაზიანება უმნიშვნელო აღმოჩნდა. ალავერდის მონასტერში ასევე გდაღებულია ბერიკაობის სცენაც ამ სცენაში მეც ვმონაწილეობდი. თუ მზიანი ამინდი არ იყო ფილმს ვერ იღებდნენ ამ დროს მთელი ჯგუფი ოხუნჯობასა და სასაცილო ამბების მოყოლაში ატარებდა. ასევე ხდებოდა ბევრი კურიოზი მათგან ერთი განსაკუთრებით სასაცილო იყო: ერთ–ერთი ეპიზოდის გადაღებისას ვახტანგ ნინუა რომელიც ფილმში ჯემალის როლს თამაშობდა ცხენიდან გადმოვარდა. მეორე დღეს დეკორატორებმა შავი ტანისამოსი ჩაიცვეს, მხატვრებს ნინუას პორტრეტი დაახატინეს, მუყაოს ქაღალდზე გააკრეს, იმ ადგილას ჩაარჭეს სადაც ნინუა დაეცა, მიიყვანეს დამკვრელები, გაშალეს შესანდობარი სუფრა და გლოვა დაიწყეს. დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ გაიარა ავტობუსმა რომელშიც გადამღები ჯგუფი იჯდა. მსახიობებმა
გააჩერეს ავტობუსი და ჩავიდნენ. როდესაც ავტობუსიდან ნინუა ჩავიდა დეკორატორებმა დაუძახეს მოდი შენს შესანდობარს ვსვამთო. ნინუა გაბრაზდა და უთხრა – კარგი რა, რას მიგდებთ სასაცილოდ
მეც გადაგიხდით სამაგიეროს.
როცა გრემის მთავარანგელოზში ბერიკაობის
სცენას იღებდნენ, ერთ–ერთი ბერიკა აკაკი კვანტალიანი კამეჩზე იჯდა. როცა მდინარეზე
გადადიოდა მასიურ სცენაში მონაწილე ერთ–ერთმა გრემელმა ბიჭმა კამეჩს უკანა ბარკალში
ხანჯალი უჩხვლიტა, კამეჩი დაფუნდრუკდა და კვანტალიანი წყალში ჩავარდა. მსახიობები ისე
გამხიარულდნენ რომ გადაღების გაგრძელება გაუჭირდათ.
ამ დროს ჩვენ ისევ მონასტერში ვცხოვრობდით
(სახლი არ გვქონდა). არ შემიძლია დიდი მადლიერება არ გამოვხატო იმ დახმარებისთვის,
რომელიც რეზო ჩხეიძემ გაგვიწია სახლის მშენებლობისას. ეს სწორედ ის სახლია რემელიც
მისი დახმარებით ავაშენეთ, სახლი, რომელმაც ბევრ ღირსეულ პიროვნებას უმასპინძლა.
ყოველთვის დიდი გულისტკივილით მახსენდება
გურამ რჩეულიშვილი. ,,გმირი ცხოვრობს არა ისე, როგორც მას ან სხვას სჭირდება, არამედ
ისე, როგორც სწამს და სხვანაირად ცხოვრება არ შეუძლია.
1958 წლის ზაფხულში მე და მამაჩემი
მონასტრის ეზოში ვისხედით. ამ დროს კარიბჭეში ორი ახალგაძრდა გამოჩნდა, რომლებიც მოგვესალმნენ
და გვთხოვეს მონასტრის კარის გაღება რათა მონასტერი დაეთვალიერებინათ. კარი გავუღე
და შიგნით შევიყვანე. მამაჩემი ალავერდის მონასტრის ისტორიაზე ესაუბრათ თითქმის 2 საათი
იყვნენ მონასტერში. შემდეგ კი გვთხოვეს რომ რომ ცხენი და ეტლი გვეთხოვებინა რათა სოფ.
ქვ. ალვანში წასულიყვნენ ერთ–ერთ ოჯახში. მამამ უთხრა რომ ეტლს ათხოვებდა მაგრამ ჩემს
თავს. ჩვენ წავედით ქვემო ალვანში. მასპინძელმა გურამის ნახვით გაიხარა, მწერალმა კი
ცხენი მთხოვა და სოფელში გააჭენა. იქიდან გვიან დავბრუნდით. გურამს და მის მეგობარს
თელავში წასვლა უნდოდათ მაგრამ ჩვენ არ გავუშვით.
მაშინ ალავერდის ეზოში ბევრი კურდღლები
გვყვავდა. დილით გურამმა რომ გაიღვიძა და კურდღლები დაინახა მთხოვა რომ მისთვის თოფი
მიმეცა რათა რომელიმე მოეკლა. მან 2 მამალი კურდღელი მოკლა. კურდღლები ჩვენი ხელით
გავატყავეთ და საუზმეზე მივირთვით. წასვლისას მან თბილისში მიმიპატიჟა. რამდენიმე თვის
შემდეგ ვესტუმრე. იმ საღამოს კალათბურთის მატჩი იყო და ჩვენც იქ წავედით. ამის შემდეგ
მე და გურამი რამდენჯერმე შევხვდით ერთმანეთს.
,,გურამ რჩეულიშვილის მონატრება არამც
და არამც არ ნიშნავს მხოლოდ მისი მოთხრობების მონატრებას. გურამ რჩეულიშვილის მონატრება
პირველ ყოვლისა, სწორედ მისი პიროვნების მონატრებაა.“
1982
წლის შემოდგომაზე ალავერდობაზე ჩამოვიდა საქართველოს კათოლოკოს პატრიარქი ილია მეორე
და აღასრულა წირვა–ლოცვა. მას თბილისიდან ჩამოყვა მრევლი. მათ შორის იყო საქართველოს
დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი ზვიად გამსახურდიაც. წირვის დამთავრების შემდეგ სახლში
რომ მივედი მამაჩემი, ზვიადი და მისი თანმხლები პირები სახლში დამხვდნენ. სადღესასწაულო
სუფრა გავუშალეთ, თამადა ვიყავი და ზვიადი გვერდით მეჯდა. ზვიადი საბჭოთა კავშირის
რეჟიმის წინააღმდეგ ისე საუბრობდა, რომ მაშინ
ეს წარმოუდგენელი იყო. ამიტომ სუფრის წევრები გაკვირვებულნი უსმენდნენ. ალავერდობასთან მან ერთი სადღეგრძელოს თქმის უფლება მთხოვა და მერაბ კოსტავა ადღეგრძელა. თან დასძინა, რომ მერაბი
მის მაგივრად იჯდა ციხეში.
დიდხანს
ვისაუბრეთ და საერთო მეგობრებიც აღმოვაჩინეთ. ის ღამე ჩვენთან გაატარეს. მეორე დღეს
წირვის შემდეგ გავაცილეთ, მაშინ ჩემთვის წარმოუდგენელი იყო, რომ ზვიადი საქართველოს
პირველი პრეზიდენტი გახდებოდა. ჩემს სახლში დღემდე შემონახულია ტახტი, რომელზედაც ზვიად
გამსახურდიას ეძინა.
აქ
ვწყვეტთ ლევან ზუმბაძის მოგონებებს, თუმცა მას კიდევ ბევრ საინტერესო და გამოჩენილ
პიროვნებასთან ჰქონია ურთიერთობა, რომელთა გახსენებაც ყოველთვის სევდანარევ სიხარულს
იწვევს.
დღეს
კი აი ასე გამოიყურება ალავერდის ტაძარი რომელიც კვლავაც არაერთი ქართველი შემოქმედის
შთაგონების წყარო გახდება. მათი შემოქმედება კი საუკუნო საგზლად გაჰყვება ქართველ ერს.